saqarTvelos mRvimeebi - veriovkinis mRvime
კოორდინატები | 43°23`46` ჩ. გ. 40°21`13` ა. გ. |
ტერიტორიული ერთეული | გაგრის მუნიციპალიტეტი |
აბსოლუტური სიმაღლე | 2309 მ |
სიგრძე | 13,500 მ |
სიღრმე | 2212 მ |
აღმოჩენის წელი | 1968 |
შესასვლელთა რაოდენობა | 1 |
ამგებელი ქანები | კირქვა |
მსოფლიოს უღრმესი კარსტული მღვიმე საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, გაგრის მუნიციპალიტეტი. მდებარეობს არაბიკის მასივზე, ზღვის დონიდან 2309 მ სიმაღლეზე. მღვიმის ცნობილი ნაწილის სიღრმე 2017 წლის ტოპოაგეგმვის შედეგებით შეადგენს 2204 მ-ს, რითაც 7 მ-ით ჭარბობს კრუბერის გამოქვაბულს. რეკორდული სიღრმე სიფონების გაუვლელად იქნა მიკვლეული. 2018 წლის მარტის ექსპედიციის დროს გამოიკვლიეს სიფონური ტბის სიღრმე - ნემოს უკანასკნელი სადგომი, რამაც მღვიმის სიღრმეს კიდევ 8 მ შემატა და მღვიმის სიღრმის ნიშნული 2212 მ-ით განისაზღვრა. მღვიმეში შესასვლელი კვეთით 3×4 მდებარეობს კრეპოსტისა და ზონტის მთებს შორის არსებულ უღელტეხილზე, უფრო კრეპოსტის მთის ფერდობების სიახლოვეს. შესასვლელი ჭის სიღრმე შეადგენს 32 მ-ს.
თავდაპირველად მღვიმე მარკირებული იყო როგორც С-115, შემდეგ П1-7, თუმცა 1986 წელს მღვიმეს სახელწოდება შეუცვალეს და უწოდეს ტრაგიკულად დაღუპული სპელეოლოგის - ალექსანდრე ვერიოვკინის (1960-1983) სახელი. ვერიოვკინის მღვიმე აღმოაჩინეს 1968 წელს კრასნოიარსკელმა სპელეოლოგებმა. იმ დროს გავლილი ნაწილის სიღრმემ 115 მ შეადგინა. მღვიმე მონიშნეს როგორც С-115. 1982 წელს მოსკოვის პეროვოს სპელეოკლუბმა მღვიმეს ხელმეორედ მიაკვლია და მონიშნა როგორც П1-7. პეროვოს სპელეოკლუბის ექსპედიციამ 1983-86 წლებში შეაღწია 440 მ-მდე.
1986-2000 წლებში მღვიმეში კვლევები არ წარმოებდა. 2000-2015 წლებში პეროვოს სპელეოკლუბი და პეროვო-სპელეოს ჯგუფი აგრძელებდა კვლევებს მღვიმეში. სიღრმე კვლავ 440 მ-ით განისაზღვრებოდა. 2015 წლის აგვისტოში პეროვოს სპელეოკლუბის ექსპედიციის ფარგლებში მიაკვლიეს ჭას, რომლის სიღრმე, როგორც მოგვიანებით გაირკვა 156 მ შეადგინა. ეს აღმოჩენა იმაზე მიუთითებდა, რომ მღვიმის შრომატევადი კვლევის პერიოდი დასრულდა. 2016 წლის ივნისში შედგა პეროვო-სპელეოს გუნდის ექსპედიცია, რომელმაც მიაღწია 630 მ-მდე. იმავე წლის აგვისტოში პეროვო-სპელეოსა და პეროვოს სპელეოკლუბის ერთობლივმა ექსპედიციამ შეაღწია 1010 მ-მდე, ხოლო ოქტომბერში 1350 მ-მდე.
2017 წლის თებერვალში პეროვო-სპელეოს ექსპედიციამ მიაღწია 1832 მ-მდე, რამაც იგი მსოფლიოში სიღრმით მეორე მღვიმედ აქცია კრუბერის გამოქვაბულის შემდეგ. 2017 წლის აგვისტოს დასაწყისში პეროვოს სპელეოკლუბმა მიაღწია 2151 მ-მდე. ქვედა ნაწილებში აღმოაჩინეს არაბიკის მასივისთვის არადამახასიათებელი ფართო ჰორიზონტული ნაწილები. ისინი კარსტული წყალშემცველი სისტემის უძველესი კოლექტორებია. ამრიგად, ვერიოვკინის მღვიმე იქცა მეორე ზეღრმა მღვიმედ (2 კმ-ზე მეტი) მსოფლიოში და წყალქვეშა აღჭურვილობის გარეშე ხელმისაწვდომ უღრმეს მღვიმედ. 2017 წლის აგვისტოს მეორე ნახევარში პეროვო-სპელეოს გუნდმა მიაღწია 2204 მ-მდე, რითაც დაამყარა სიღრმის მსოფლიოს ახალი რეკორდი.
2018 წლის მარტში პეროვო-სპელეოს გუნდმა განახორციელა მორიგი ექსპედიცია, რომლის ფარგლებში მღვიმის რუკას დაუმატა შესასვლელების ერთ კმ-ზე მეტი მონაკვეთი და ლოტით გაზომა სიფონური ტბის - ნემოს უკანასკნელი სადგომის სიღრმე. ტბის სიღრმემ შეადგინა 8,5 მ, რითაც მღვიმის საერთო სიღრმემ მიაღწია 2212 მ.